2008 წელს, როცა საქართველო NATO-ს ბუქარესტის სამიტისთვის ემზადებოდა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში პრესკონფერენცია გამართა. ჯერ ყველა მიმართულებით მუქარები ჩამოარიგა და კოსოვოს აღიარებაზე დასმულ კითხვას, საქართველოს თემით უპასუხა და უცნაური პასუხი გასცა - ჩვენ აქ ჩვენი საშინაო დავალება გვაქვსო. ეს გაუგებარი პასუხი მალევე ყველასთვის გასაგები გახდა: ექვსი თვეც არ იყო გასული - საქართველოში ომი დაიწყო.
"დამაშნიე ზაგატოვკი" ახლა ზედმიწევნით შესრულებულად გამოიყურება. ოცნების მიერ დაყენებულ სიძულვილის კორიანტელში, ბევრისთვის რთული აღმოჩნდა იმის დანახვა თუ საით მიჰყავდა ივანიშვილს ეს ქვეყანა. ანტი-უკრაინული რიტორიკით, ევროპარლამენტარების ლანძღვით, ამერიკის ელჩის შეურაცხყოფით და კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯით თუ განცხადებით, ოცნების ხელისუფლებამ საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია მოახდინა. კვამლი გაფანტულია, მოსახლეობა კი ხანგრძლივი თვლემიდან გამოღვიძებული. ამის ნიშანია 160 ათასი ადამიანის რუსთაველის გამზირზე გამოსვლა საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად. თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმ მასშტაბური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რაც გვემუქრება და რაც ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული. რთულია მომენტუმის შეგრძნებამ დაგტოვოს ახლა, როცა ასე მივუახლოვდით ისტორიულ ამოცანებს, რომლებიც ჩვენ არ დაგვისახავს და არც მის შეცვლას გვაპატიებს მომავალი. მომენტუმი დგას რუსეთისთვისაც. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, დიდი ხნით ჩავრჩებით რუსულ ჭაობში. კრემლში კი ფიქრობენ რომ თუ ახლა არ იმოქმედეს საქართველოში, ეს ქვეყანა ხელიდან გაუსხლტებათ. ამიტომ, მოსკოვი აუცილებლად გადავა, თუ უკვე არ გადასულა რუსული სპეცოპერაციის დასკვნით და გადამწყვეტ ფაზაზე, რომლის ამოცანაც საქართველოს დასავლური ცივილიზაციისგან მოწყვეტაა. ამ ფაზაში, კრემლი, მხოლოდ ივანიშვილის იმედად აღარ იქნება და აამოქმედებს ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რომელიც არამარტო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ოცნების ხელისუფლების ხელშეწყობით, საქართველოში დააგროვა.
შეიძლება არ გინახავთ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი ადამიანები, რომლებმაც საინფორმაციო საბაბი შექმნეს რუსეთის არხების სიუჟეტებისთვის თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ: ბრალდება - ამერიკელები ამ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან და საქართველოს მოქალაქეებზე ცდებს ატარებენ. "ქართველი მეცნიერები" მოსკოვს თხოვნით მიმართავენ ჩვენი ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინონ. როგორც ვხედავთ თემები იცვლება, სტრუქტურა კი უცვლელია - თუ შულავერის კომიტეტი დაჩაგრული კლასების დასაცავად იხმობდა წითელ არმიას, ახლა სხვა საბაბია საჭირო. ზუსტად ასეთი პროპაგანდისტული დამუშავება უძღოდა წინ უკრაინაში რაშისტების ბოლო ინტერვენციას. პარალელურად, საქართველოს საზღვრებს უკონტროლოდ კვეთს რუსეთის ათიათასობით მოქალაქე. ამ რუსებმა მოახერხეს და პანდემიით, კრიზისით გაღარიბებულ ქვეყანაში ახალი საშუალო კლასი შექმნეს. მათ ქართველებზე ბევრად მეტი ფული აქვთ და იმპერიული სიზუსტით ხვდებიან სად "დაცხოვრებაა" ყველაზე კარგი - თბილისსა თუ ბათუმში. სუსი კი სასულიერო პირების, დიპლომატების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების თუ მასწავლებლების უკანონო თვალთვალით და მოსმენითაა დაკავებული. თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ კარგად ნავარჯიშები, სამხედრო იერის ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს თავისუფლად შეიძლება მწვანე კაცუნებად იქცნენ. ისევე როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ე.წ. აიტიშნიკები, რომლებიც უკვე ათასობით არიან თბილისში და მათ ნაწილს საქართველოს დედაქალაქიდან თავისუფლად შეუძლია იმ დავალებების შესრულება, რომელზე მუშაობაც ჰიბრიდული ომის ველზე უწევდათ. ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად უკვე იქცა სრული კომპლექტაციის სივრცედ რუსული სპეცოპერაციისთვის, რომლის ამოცანაც დასავლეთთან სრულმასშტაბიანი დაპირისპირება და ქართული სახელმწიფოს დესუვერენიზაციაა. უკიდურესად გააქტიურდნენ ღიად პრორუსული პარტიები თუ გავლენის აგენტები. პარტიად ლეგიტიმირებული ექსტრემისტული დაჯგუფება ალტ-ინფო შეფერხების გარეშე, მთელი საქართველოს მასშტაბით აფართოებს საოფისე ინფრასტრუქტურას, აძლიერებს საკადრო რესურსს და მეტიც, ახდენს მათი წევრების სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ საჯარო სექტორში ინფილტრაციას. პარალელურად ჟურნალისტებზე ნადირობით და სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით - ძალის დემონსტრირებას.
გამოსახულება და ხმა რომ გათიშო და უავტორო ციტატებს მხოლოდ წერილობით გაეცნო: ალტ-ინფოს, პატრიოტთა ალიანსის, ცალკეული მღვდელმთავრების, მთავრობის მეთაურის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის თუ პაიკ პროპაგანდისტებად ქცეული მეამბოხე დეპუტატების და სახელისუფლო არხების მოლაპარაკე თავების მთავარ გზავნილებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. როდესაც ამერიკის ელჩი ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეტექსტების გარეშე, მკაფიოდ და ხისტად ამბობს, რომ ოცნების პირველი პირების რიტორიკა ეფესბეს სახელმძღვანელოდანაა ამოღებული, ხოლო ქართული ოცნება დეგნანს იქით უყენებს პრეტენზიებს რუსული ინტერესების ლობირებაში, ეს ცხადი ნიშანია იმისა, რომ რუსული სპეცოპერაცია ბოლო, დასკვნით ფაზაში გადადის.
"დამაშნიე ზაგატოვკი" საქართველოსთვის მოქმედებაშია მოსული. მანევრისთვის გამზადებული, მათ შორის ქართველებისგან დაკომპლექტებული რუსული სპეცრაზმი კი, რომელიც ჩაცმულობით და კამუფლაჟით, ადგილობრივ რელიეფთან სრულ თანწყობაშია, მზადაა სამალავიდან ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს იდეას, რომლის სიცოცხლისუნარიანობაც იმ პატრიოტების ბრძოლისუნარიანობასა და ერთობაზეა დამოკიდებული, რომელთაც არც ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავთ თვალი და არც მტრის თამაშის მოთამაშე ოლიგარქის მარიონეტების სახეცვლილებისა სჯერათ. სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ მოვლენებს და კარგად ვიგრძნობთ რამდენად უმნიშვნელო, პატარა, გაურკვეველი და სამარცხვინოა იმ საკითხთა უმრავლესობა, რომლებზეც გამალებით ებრძვიან ერთმანეთს ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები თუ ოპოზიციურად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფები. სწორედ ამ გადმოსახედმა უნდა გვაიძულოს დავდგეთ ეგოებსა და ამბიციებზე მაღლა. ისევე როგორც არავის არ ეკუთვნის ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი, ასევე ვერცერთი ჯგუფის საკუთრება ვერ გახდება რუსთაველზე გამოსული ათიათასობით ადამიანი, ასევე ვერავინ ვერ დაამარცხებს ივანიშვილს მარტო და ვერავინ დაირქმევს ამ მომენტუმის ერთადერთი გმირის სახელს.